პეტრე ცისკარიშვილი - 7-9 მარტს აქციაზე ხალხი თავისით არ გამოსულა, მანამდე იყო ჩვენი სერიოზული აქციები, ღუმელი სულ ცხელი უნდა იყოს, რათა ხალხი ჩაერთოს
პეტრე ცისკარიშვილი - 7-9 მარტს აქციაზე ხალხი თავისით არ გამოსულა, მანამდე იყო ჩვენი სერიოზული აქციები, ღუმელი სულ ცხელი უნდა იყოს, რათა ხალხი ჩაერთოს

ღუმელი სულ მუდამ ცხელი უნდა იყოს, ჩვენი გადმოსახედიდან პარტიების საქმე რაც არის – მუდმივად ტემპერატურა უნდა იყოს აწეული, რათა ხალხი ჩაერთოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, მანამდე მათ მიერ ძალიან სერიოზული აქციებიც გაიმართა.

„ჩვენ ხომ ვნახეთ, ბოლო აქციები როგორი იყო. ანუ ბუნებრივი აქციები იყო, როდესაც ხალხს უბრალოდ დროის დათქმა უნდოდა, მოწოდება, რომ ამ დროს ვიკრიბებით და თავისით მოდიოდნენ. აქამდე უნდა მივიყვანოთ სიტუაცია. ანუ ღუმელი სულ ცხელი უნდა იყოს, არ უნდა გაგრილდეს ბუხარი. ჩვენი გადმოსახედიდან, პარტიების საქმე არის, რომ ტემპერატურა მუდმივად იყოს აწეული, რათა ხალხი ჩაერთოს.

თავისით ხომ არ გამოსულა პირველივე დღეს. მანამდე იყო ჩვენი ძალიან სერიოზული აქციებიც, 24 თებერვლის აქციაც იყო, რეგიონებში ვმოძრაობდით, კომუნიკაცია გვქონდა ხალხთან, ავუხსენით, რას აკეთებს ქოცური ხელისუფლება, ავუხსენით, რომ რუსულ კანონს იღებენ, ვესაუბრეთ იმაზე, რომ ევროპული კარები დაიკეტება საქართველოსთვის. მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყველამ ერთად ვიმუშავეთ, რათა ხალხს გაეგო, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რუსულ საქმეს რომ აკეთებს. პროპაგანდით ვერ მოუგო „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას, რადგან საზოგადოებამ ზუსტად დაიჭირა, რას აპირებენ და რა მიზეზშედეგობრივი კავშირი ექნება ამ ნაბიჯებს საქართველოს მომავალთან.

ცხელი ტემპერატურა უნდა იყოს, რადგან 9 აპრილის შემდეგ იქნება 15, 20 აპრილი, მაისი, მუდმივად ცხელი უნდა იყოს, რეგიონებში გავალთ ისევ. ჩვენ არ გავჩერდებით. საგანგებოდ ჩამოყვანილი ხალხი რომ არ უნდა იყოს, როდესაც შედეგი გინდა, აქციებით დადგეს, მაგაშია მთელი ფილოსოფია. საგანგებოდ ჩამოყვანილი არის იმისთვის, რომ შევიკრიბებით და საგანგებოდ ვმობილიზდებით, არ გაცივდება ის ბუხარი, რასაც ქუჩის აქციები ჰქვია. მუდმივად უნდა იგიზგიზოს ცეცხლმა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.