პეტრე ცაავა - ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას
პეტრე ცაავა - ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას

ჩამოვიდეს მეუფე გრიგოლი, სტუმარი ღვითისაა და მით უმეტეს, შეჩერებული მაქვს ღვთისმსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ. ვეცდები, ეს ყველაფერი იყოს ქრისტიანულად, – ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ მარტვილის საკათედრო ტაძარში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. პეტრე ცაავას ტაძარში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა, რომლებიც მას მხარდაჭერას უცხადებენ.

როგორც ყოფილმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება არის უსამართლო. მისივე თქმით, სატელევეზიო ეთერებში მას პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

​„ერთი ვიცი, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება არის უსამართლო. მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი. მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, და ზოგადად სინოდის მასშტაბით. ამ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი. როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია, რაც უდანაშაულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდით მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა.

თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც სინოდი ჩაინიშნა, დღენახევრით ადრე შემატყობინეს, ანუ გუშინწინ საღამოს. მით უმეტეს თუ ჩემი საკითხი უნდა განხილულიყო სინოდის სხდომაზე, ჩემთვის ხომ უნდა შეეტყობინებინათ? ეს იყო უსამართლობა. საქართველოს მასშტაბითაც ვერ მოახერხეს მღვდელთმთავრებმა ჩამოსვლა, დღის წესრიგი ჰქონდათ შედგენილი. სინოდის ჩანიშვნა იყო უკვე არასწორად დაგეგმილი, თავიდან ბოლომდე, ჩანიშვნა-განჩინების ჩათვლით, არის უსამართლობა. უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ“,- აღნიშნა ყოფილმა მიტროპოლიტმა.

როგორც პეტრე ცაავა ამბობს, არ გამორიცხავს, რომ მისი თემით მეუფე იაკობის განცხადებები გადაიფარა.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაფარეს მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები, გაითამაშეს რაღაც სცენა. აღსარების ჩაბარება პატრიარქზე, ეს რაღაც ღიმილის მომგვრელია, არაგულწრფელი და უსუსურია. სამარცხვინოა, ასეც შეიძლება ითქვას“,- აღნიშნა პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, ელოდება მეუფე გრიგოლის ჩასვლას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

„ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. გადავწყვეტ, რას ვიზამ და გაიგებთ თქვენც. მეუფე გრიგოლთან კომუნიკაცია დღეს არ მქონია“,- განაცხადა პეტრე ცაავამ.

ყოფილი მიტროპოლიტი სასულიერო პირებს შეცდომების არდაშვებისკენ და განსაცდელის ღირსეულად გადატანისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საჭიროა სინოდის გაფართოებული კრების მოწვევა.

„მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად და რაღაც სხვა დებულების ცვლილების შემთხვევაში ხდება მოწვევა გაფართოებული სხდომისა, მე ვფიქრობ, რომ იმდენად კრიზისული მდგომარეობაა, ერთ-ერთი გამოსავალი, ნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებენ, სინოდის სხდომა წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და ხომ ხედავთ, როგორ. მიმაჩნია, რომ გაფართოებული კრება აუცილებელია. გაფართოებულ სხდომას ესწრებიან სასულიერო პირები, ეპარქიიდან ორ-ორი წარმომადგენელი, საერო ადამიანები და ბევრად უფრო მეტია სანდოობა და ის არის უმაღლესი ორგანო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის.

კითხვაზე, რას ეტყოდა ბერ-მონაზვნებს, პეტრე ცაავა პასუხობს:

„ბერულად აღვასრულოთ და სული გადავირჩინოთ, გადარჩენის გზით ვიაროთ. ეს, პირველ რიგში, გამოიხატება ქრისტეს მორჩილებაში, წმინდა სახარებისა და მამების მორჩილებაში, და არა კონკრეტული ადამიანისა, რომელიც თავად აცდენილია სახარებას“, – განაცხადა მან.

ამასთან, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომ გაჩნდა მოსაზრება სახალხო მოძრაობის შექმნის, რომელსაც სათავეში პეტრე ცაავა ჩაუდგება, ყოფილი მიტროპოლიტი პასუხობს:

„ზოგადად, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში ვფიქრობ, რომ აუცილებლად იშობა და აუცილებლად მოემზადება აპოკალიფსური საქართველოსთვის“.

კითხვაზე, ხომ არ იქნება ამ მოძრაობის წინამძღოლი, პეტრე ხაავა აცხადებს – „უფალი იესო ქრისტე იქნება ყველა ჩვენი განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღვარი და ჩვენ ვიქნებით ქრისტეს მხედრები ყველგან და ყველაფერში“.

საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს.

ამასთან, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.