პეტრე ცაავა - მღვდელთმთავარს, რომელიც დაინიშნა ჩემს შემცვლელად, ჭყონდიდელობას სამი წლის წინ შორენა თეთრუაშვილი სთავაზობდა
პეტრე ცაავა - მღვდელთმთავარს, რომელიც დაინიშნა ჩემს შემცვლელად, ჭყონდიდელობას სამი წლის წინ შორენა თეთრუაშვილი სთავაზობდა

ჭყონდიდის  ყოფილი  მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, წმინდა სინოდის წევრებმა მას უსაყვედურეს, რომ პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებდა და ბოდიში უნდა მოეხადა.

ამასთან, ცაავას თქმით, როდესაც სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა, პატრიარქი დუმდა.

რაც შეეხება მღვდელთმთავრობიდან განყენების საკითხს, ცაავა ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული.

„სინოდის კრებაზე მისაყვედურეს, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი კათოლიკოს-პატრიარქს და ამის გამო უნდა მომეხადა ბოდიში,  ამის შემდეგ ამეკრძალებოდა მედიასთან ურთიერთობა. როდესაც დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, თუ მიაღებინეს, ეს ცალკე თემაა, ეშუამდგომლათ მამა გიორგის გასათავისუფლებლად, ვუთხარი, რომ სამი წლის წინ ითხოვდა,  გამოგვეყვანა ეს ადამიანი, გაგვესამართლებინა სჯულის კანონით. პატრიარქი დუმდა, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც გამოაცხადა“ , – განაცხადა პეტრე ცაავამ.

მისივე თქმით, მღვდელთმავარს, რომელიც დანიშნეს მის შემცვლელად, ჭყონდიდელობას სამი წლის წინ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი სთავაზობდა.

„მღვდელმთავარს, რომელიც დაინიშნა, სამი წლის წინ, როდესაც პირველად უნდოდათ ჩემი ჭყონდიდის ეპარქიიდან გადმოყვანა, როგორც ჩემთვის ცნობილია, ქალბატონი მდივან-რეფერენტი თვითონ სთავაზობდა ჭყონდიდელობას. წარმოიდგინეთ, ქალი, პატრიარქის მდივანი, თვითონ სთვაზობდა ამ კონკრეტულ მღვდელთმთავარს. აი ასეთ მოვლენასთან გვქონდა საქმე“,- განაცხადა პეტრე ცაავამ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა, ხოლო ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.