პეტრას აუსტრევიჩუსი - თუ ახლო სამეზობლოს ყურადღებას არ მივაქცევთ, სტრატეგიულ შეცდომას დავუშვებთ
პეტრას აუსტრევიჩუსი - თუ ახლო სამეზობლოს ყურადღებას არ მივაქცევთ, სტრატეგიულ შეცდომას დავუშვებთ

თუ ახლო სამეზობლოს ყურადღებას არ მივაქცევთ, სტრატეგიულ შეცდომას დავუშვებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ აღმასრულებელ ორგანოს აკლია გამბედაობა და ურთიერთობებში სტრატეგიულ ცვლილებებზე მერყეობს. აუსტრევიჩუსის შეფასებით, ეს არსებული სიტუაციის არაადეკვატური შეფასებაა.

„მათ სურთ, რომ ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფება გვერდზე გადადონ და დაკმაყოფილდნენ იმით, რაც გვაქვს.

რაც გვაქვს ეს საკმარისია – ეს მიდგომა არაა მართებული. ჩვენ უნდა მივცეთ ბიძგი პროცესს. დიახ, ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია და მისი იმპლემენტაცია შრომატევადი საქმეა და მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პოლიტიკური სოლიდარობის დაფიქსირებაც მნიშვნელოვანია.

თუ სამიტის დეკლარაციაში ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ ვიხილავთ, მაშინ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. როგორც მე ვიცი, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა არ არის მოწადინებული, რომ სამიტმა გაიმეორეს თუნდაც ის, რაც ასოცირების ხელშეკრულებაში წერია.

ვფიქრობ, შესანიშნავია და რა არის იმაზე სასიამოვნო, როდესაც ქვეყნები ევროპისკენ მიისწრაფვიან და ინსპირაციის წყარო წარმატებული, ევროპული მაგალითებია, ჩვენი მოდელი და ღირებულებები. ამ ოპტიმიზმს ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯებით უნდა შეხვდეს. სამიტი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს, გააანალიზოს რაც გვაქვს და დასახოს გეგმები.

ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, ჩვენ გვაქვს ბევრი ქვეყნისთვის რესურსი. თუ არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას ახლო სამეზობლოს, მაშინ ჩვენ სტრატეგიულ შეცდომას დავუშვებთ. არ უნდა გავუშვათ ხელიდან ოქროს შანსი.

რაც შეეხება დეკლარაციას. ჩემი ინფორმაციით, დოკუმენტზე მუშაობას თვეზე მეტი დასჭირდა. იმ ინფორმაციის თანახმად, რასაც ამ დროისთვის ვფლობ ტექსტში „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლიუსი” ნახსენები არ არის, მცირედი მინიშნებაა ახალ საინვესტიციო პლატფორმაზე, ფონდებზე. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.