პეტრას აუსტრევიჩუსი - არ ვიცი, სანქციების კიდევ რამდენი პაკეტი დაგვჭირდება, ვიმედოვნებ, ევროპული ინსტიტუტები შეჯერდებიან მოქმედებების ახალ ეტაპზე, ჯერ ყველაფერი არ გაგვიკეთებია, რაც შეგვიძლია
პეტრას აუსტრევიჩუსი - არ ვიცი, სანქციების კიდევ რამდენი პაკეტი დაგვჭირდება, ვიმედოვნებ, ევროპული ინსტიტუტები შეჯერდებიან მოქმედებების ახალ ეტაპზე, ჯერ ყველაფერი არ გაგვიკეთებია, რაც შეგვიძლია

სტრასბურგში, ევროპარლამენტის დღევანდელ სესიაზე უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

როგორც ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ევროპულ ინსტიტუტებში უნდა გაიაზრონ, რომ უკრაინის დასახმარებლად ჯერ ყველაფერი არ გაუკეთებიათ.

„ყველამ იცის, რომ საქმე გვაქვს პუტინთან, პუტინი არის ეშმაკი და არავის შეუძლია ეშმაკის შეჩერება ერთი ქმედებით. ამიტომ არ ვიცი, სანქციების კიდევ რამდენი პაკეტი დაგვჭირდება. მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, ვიფიქროთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ვითარება ცუდიდან უარესობისკენ მიდის და ამის გარეშეც, მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპული ინსტიტუტები იქნებიან გონებაგახსნილები სიტუაციის შეფასებისას და შეჯერდებიან მოქმედებების ახალ ეტაპზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჯერ კიდევ რჩება გარკვეული ხვრელები, როგორც ჩანს, ევროკავშირის პოლიტიკურ დონეზე ჯერ ვერ ხვდებიან, მეტი რისი გაკეთება შეიძლება კიდევ. ზოგს სჯერა, რომ ჩვენ უკვე ზედმეტად ბევრი გავაკეთეთ, არა, არა! ჩვენ ჯერ ყველაფერი არ გაგვიკეთებია, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მისი თქმით, დღევანდელი დისკუსია ფოკუსირებული იქნება ომის ჰუმანიტარულ ასპექტზე, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ევროპარლამენტმა უნდა გამოვხატოს სოლიდარობა.

„რასაც ვუყურებთ, ამ კვირის ბოლოსთვის ალბათ ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი იქნება უკრაინიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავცდით 2015-2016 წლების წლების ლტოლვილთა კრიზისის მასშტაბს ევროპაში, რომელიც იყო უზარმაზარი. ყველა ამბობდა, რომ ეს არის შოკი, ჩვენ არ ვართ მზად. ახლა ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ შოკი, არამედ ქარიშხალი, ვულკანის ამოფრქვევა, ცუნამი ერთად. იმედი მაქვს, კარგი დისკუსია გვექნება, რაც წარმოშობს ახალ იდეებს. ჩვენი ჯგუფი ამ კუთხით ახალ წინადადებებს წარადგენს. მჯერა, რომ თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპარლამენტში რაიმე ექნება სათქმელი. ძალიან დინამიური პროცესი იქნება“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.