პეტრას აუსტრევიჩუსი - აგრესორი პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს გზავნილი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ ექნება კარტბლანში
პეტრას აუსტრევიჩუსი - აგრესორი პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს გზავნილი, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ ექნება კარტბლანში

ნამდვილად ცხადი უნდა იყოს გზავნილი აგრესორი პუტინისთვის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ ექნება კარტბლანში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირისგან კარგი პოლიტიკური გზავნილი იქნება, რომ სამ ასოცირებულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასოცირებულები არიან და წევრობის მიმართულებით მოძრაობენ.

„ეს მარტივია, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაში წერია, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად ძლიერია პოლიტიკური სოლიდარობის ემოცია. ნამდვილად ცხადი უნდა იყოს გზავნილი აგრესორი პუტინისთვის, ეს ქვეყნები ჩვენი მომავალი წევრები არიან და უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნებთან საქმის დაჭერისას არ გექნებათ კარტბლანში, რომ როცა მოგინდებათ, წაიღებთ, როცა მოგინდებათ, დააშინებთ, განახორციელებთ კიბერთავდასხმას ამ ქვეყნებზე. ეს იმის მსგავსია, როდესაც ქუჩაში დიდ, გაბრაზებულ კაცს ეუბნები, რომ არ შეეხო, ეს ჩემი მეგობარია, თუ თავს დაესხმები, ჩემთან გექნება საქმე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მისივე თქმით, არ შევა განხილვაში, როდის შეიძლება წევრობის მიღწევა და როდის იქნება სტატუსი გარანტირებული.

„დისკუსიებს გარკვეული დრო სჭირდება, გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებას არ გადავხედოთ და არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერი ემოციური ურთიერთგაგებიდან და ამ ქვეყნების მიმართ ემპათიიდან იწყება“, – დასძინა პეტრას აუსტრევიჩუსმა.