პეტრ პაველი - ვწუხვარ, რომ საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი არ დასრულდა, თუ პარტნიორებს მოლოდინს შევუქმნით, რისი შესრულებაც არ გვსურს ან არ შეგვიძლია, შეიძლება, საზიანო აღმოჩნდეს
პეტრ პაველი - ვწუხვარ, რომ საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი არ დასრულდა, თუ პარტნიორებს მოლოდინს შევუქმნით, რისი შესრულებაც არ გვსურს ან არ შეგვიძლია, შეიძლება, საზიანო აღმოჩნდეს

ნატო-სა და ევროკავშირში უნდა გავაცნობიეროთ, თუ შევქმნით მოლოდინს, რომლის შესრულებაც, საბოლოოდ, არ გვსურს ან არ შეგვიძლია, ეს შეიძლება, საზიანო აღმოჩნდეს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პარტნიორებთან მუშაობისას, არ გავაჩინოთ ზედმეტად დიდი მოლოდინები, უნდა ვიმუშაოთ ნელ, ეტაპობრივ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

პეტრ პაველს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.

„მე მქონდა შესაძლებლობა, ორჯერ ჩავსულიყავი საქართველოში, როდესაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდით.  ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი არ დასრულდა. ეს დაიწყო 2008 წელს, რამაც დიდი მოლოდინი შექმნა და ამას დიდი დრო დასჭირდა, რამაც გამოიწვია იმედგაცრუება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ინტეგრაციისთვის სხვადასხვა შუალედური ნაბიჯების შეთავაზებით, ქართველი მოსახლეობის სურვილი, რომ ინტეგრირებული ყოფილიყვნენ ნატო-სა და, საბოლოოდ, ევროკავშირში, იმ დროს, როგორც მახსოვს, ძალიან დიდი იყო. სავარაუდოდ, ხანგრძლივი პროცესის გამო იმედგაცრუებამ იმ პარტიების წარმატება გამოიწვია, რომლებიც ინტეგრაციის წინააღმდეგ იყვნენ. ეს გაკვეთილი ნატო-სა და ევროკავშირში უნდა გავითვალისწინოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეიძლება, ძალიან საზიანო აღმოჩნდეს, თუ ჩვენ შევქმნით მოლოდინს, რომლის შესრულებაც, საბოლოოდ, არ გვსურს ან არ შეგვიძლია. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პარტნიორებთან მუშაობისას, რომ არ გავაჩინოთ ზედმეტად დიდი მოლოდინები, არამედ უნდა ვიმუშაოთ ნელ, ეტაპობრივ ინტეგრაციაზე, ისეთი ნაბიჯებით, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ბუნებრივ ინტეგრაციას. ეს, ჩემი აზრით, ბევრად უფრო გონივრული მიდგომაა“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ნათლად გააცნობიერონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი ინტერესები და საჭიროებები.

„საქართველოსთვის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, სავარაუდოდ, საქართველოს მოსახლეობას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ნათლად გააცნობიერონ და ჩამოაყალიბონ თავიანთი ინტერესები და საჭიროებები. თუ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, როდესაც საქართველოს მოსახლეობა კვლავ უმრავლესობით მზად იქნება ინტეგრაციისთვის და ევროპა გაითვალისწინებს ამ გაკვეთილს, ვფიქრობ, პროცესი, შეიძლება, კვლავ დაიწყოს, მაგრამ ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ“, – განაცხადა პეტრ პაველმა.