პეტრ პაველი - გვსურს, რომ უკრაინა გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა, თუ გადარჩენის ფასი მისი ტერიტორიის ნაწილის დროებითი ოკუპაციაა, დაე, ასეც იყოს, ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციად
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დროებით ოკუპაციას მისი გადარჩენისთვის მისაღებ ფასად მიიჩნევს. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებითი რუსული ოკუპაცია, შესაძლოა, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენის ფასი იყოს.
პეტრ პაველის განცხადებით, უსამართლო იქნებოდა დასავლეთის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია. ჩეხეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, უკრაინა ამჟამად არ იმყოფება ისეთ სიტუაციაში, რომ უახლოეს მომავალში, თუნდაც დასავლეთის მხარდაჭერით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება შეძლოს დიდი ადამიანური დანაკარგების გარეშე.
„ჩვენ გვსურს, რომ ის გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. თუ მისი გადარჩენის ფასი მისი ტერიტორიის ნაწილის დროებით ოკუპაციაა, დაე, ასეც იყოს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ფედერაციად“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება, თუმცა, მისი თქმით, ომის მოგება ბრძოლის ველზე შეუძლებელია. პეტრ პაველი ფიქრობს, რომ მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის იძულების უფრო ძლიერი ინსტრუმენტი ევროპისა და შეერთებული შტატების ეკონომიკური ზეწოლაა.
„ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარის ინტერესებშია რუსეთზე გაცილებით დიდი ეკონომიკური ზეწოლა. ეს ზეწოლა ძალიან ეფექტურია დარწმუნების ძალის თვალსაზრისით. მე მჯერა, რომ, რუსეთის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსები დიდხანს ვერ გაუძლებენ ეკონომიკურ ზეწოლას. ამიტომ, ადრე თუ გვიან, თუ ეს ზომები განხორციელდება, რუსეთს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, რაზეც ის აქამდე უარს ამბობდა“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.