პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის ინტერესებშია, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალი საფუძველი ჩაუყარონ

16:23, 16.10.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის ინტერესებშია, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალი საფუძველი ჩაუყარონ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მადიარმა დადებითად შეაფასა უნგრეთსა და უკრაინას შორის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც უკრაინის იმიერკარპატიის ოლქში მცხოვრები უნგრული უმცირესობის უფლებების გაძლიერებას ითვალისწინებს.

„ურთიერთნდობის აღდგენის პირველ ნაბიჯად მივიჩნიეთ ის, რომ უკრაინის პარლამენტმა შეთანხმების საფუძველზე მიიღო კანონი უმცირესობების განათლების შესახებ, ხოლო უკრაინულმა მხარემ მისი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყო“, – აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში სრული სოლიდარობა გამოუცხადა.

„უნგრეთი მზად არის, ყველა შესაძლო დიპლომატიური დახმარება გაუწიოს მხარეებს, რათა მათ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას და მდგრად მშვიდობას“, – განაცხადა მადიარმა.

ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ 12 ოქტომბერს განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ორივე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის მიზანია უკრაინაში ეროვნული უმცირესობებისა და მკვიდრი ხალხების წარმომადგენელთა განათლების უფლების უზრუნველყოფა.

მსგავსი