პეტერ მადიარი – უკრაინა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და, ცხადია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის

00:34, 04.09.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე არ შეცვლილა. მისივე თქმით, უნგრეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის გაწევრიანების პროცესს მხოლოდ დამსახურებებზე დაფუძნებული შეფასების საფუძველზე და ყოველგვარი გამონაკლისის ან დაჩქარებული პროცედურების გარეშე.

ჟურნალისტების კითხვაზე, უჭერს თუ არა უნგრეთი მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას, მადიარმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება უნგრელი უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა უფლებების აღდგენის შესახებ.

„ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვდით, რისი უფლებაც ყველა ადამიანს აქვს – საკუთარი ენის გამოყენების შესაძლებლობას. უკრაინა ამას დათანხმდა და მიიღო შეთანხმება, რომელშიც კონკრეტული ვადებია განსაზღვრული. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ რამე შეიცვალა“, – განაცხადა მადიარმა.

მისი თქმით, უნგრეთის პოზიცია უცვლელია და ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს მხოლოდ ჩვეულებრივი, დამსახურებებზე დაფუძნებული პროცედურით დაეთანხმება.

„ჩვენ შეგვიძლია, დავეთანხმოთ გაწევრიანების პროცესს დამსახურებებზე დაფუძნებული მიდგომით, ყოველგვარი გამონაკლისი პროცედურებისა და დაჩქარებული პროცედურების გარეშე. უკრაინა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და, ცხადია, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცდილობენ ევროკავშირის ან წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის დარწმუნებას საპირისპიროში. ჩემი აზრით, ეს არასწორია“, – აღნიშნა მადიარმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა სერბეთის მაგალითი და განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 15 წლის წინ დაიწყო, თუმცა მოლაპარაკების ექვსი კლასტერიდან მხოლოდ ორი გაიხსნა.

მსგავსი