პეტერ მადიარი პრეზიდენტ ტამაშ სულიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს, ორბანის პარტიაში კი აცხადებენ, რომ სულიოკი თავის კანონიერ მანდატს ასრულებს, რომლის უფლებამოსილებაც 2029 წლამდეა
პეტერ მადიარი პრეზიდენტ ტამაშ სულიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს, ორბანის პარტიაში კი აცხადებენ, რომ სულიოკი თავის კანონიერ მანდატს ასრულებს, რომლის უფლებამოსილებაც 2029 წლამდეა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი პრეზიდენტ ტამაშ სულიოკს გადადგომისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამართლებრივი გზით გადაყენებით ემუქრება. 

პეტერ მადიარისა და ტამაშ სულიოკის შეხვედრა დღეს გაიმართა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა გადადგომაზე უარი თქვა, პრემიერმა კი განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებაზე უარს იტყვის, მისი მთავრობა სამართლებრივ პროცედურას დაიწყებს, რამდენადაც პეტერ მადიარს მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეროვნული ერთიანობის წარდგენა მნიშვნელოვან საკითხებზე და ემსახურებოდა ვიქტორ ორბანისა და ექსპრემიერის მთავრობის ინტერესებს.

მადიარის თქმით, ის გამოიყენებს საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და სხვა კანონებს, რათა სულიოკს თანამდებობა დაატოვებინონ.

„მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ თუ ის თავის პოზიციაზე დარჩება და არ გადადგება, ვაცნობებ „ტისას“. დაუყოვნებლივ დავიწყებთ აუცილებელ პროცედურებს“, – აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, ამ პროცედურას ერთი თვე დასჭირდება. მადიარის განცხადებით, ეს პროცესი გულისხმობს „მარიონეტების  მოცილებას“, რომელთაც წვლილი მიუძღვით „კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ჩამოშლაში“.

ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ პარტიამ პეტერ მადიარი „უკანონო ულტიმატუმის“ წამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სულიოკი თავის კანონიერ მანდატს ასრულებს, რომლის უფლებამოსილებაც 2029 წლამდე გრძელდება.