პეტერ მადიარი – დღეს დასრულდა სახელმწიფო მედიაპლატფორმებზე პროპაგანდისტული მაუწყებლობა, ისინი იტყუებოდნენ ყველა არხზე, ახლა ყველაფერი დასრულდა
უნგრეთში სახელმწიფო ტელეარხმა, M1-მა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
როგორც უნგრული მედია წერს, გადაცემების შეწყვეტის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ „საზოგადოებრივი ინტერესებისთვის მომუშავე მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციას არ უნდა ავრცელებდნენ და ტელეარხი ბოდიშის იხდის, რომ წლების განმავლობაში ამას აკეთებდა“.
„საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამას ვაკეთებდით. საზოგადოებრივი მედია ახლა ტრანსფორმაციის პროცესშია, რათა დამოუკიდებელი და სანდო დარჩეს. ახალი ამბების გაშუქება დროებით შეჩერებულია“, – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.
მოგვიანებით ტელეარხმა მაუწყებლობა განაახლა, თუმცა ახალი ფორმატით – ეთერში გადის მხოლოდ ფილმები. ტელეარხის განცხადებით, ახალი საინფორმაციო სამსახურის შექმნის შემდეგ ახალი ამბების პროგრამები ეტაპობრივად აღდგება. მსგავსი შეტყობინება გამოჩნდა სახელმწიფო საინფორმაციო პორტალ Hirado.hu-ზეც, რომელიც დროებით აღარ მუშაობს, ასევე – სახელმწიფო რადიო Kossuth Radio-ზე, სადაც ყოველ პარასკევს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ინტერვიუ გადაიცემოდა.
აღნიშნულს გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი და მომხდარს „ისტორიული“ უწოდა.
„დღეს დასრულდა სახელმწიფო მედიაპლატფორმებზე პროპაგანდისტული მაუწყებლობა. ისინი იტყუებოდნენ ღამით, იტყუებოდნენ დღისით, იტყუებოდნენ ყველა არხზე. ახლა ყველაფერი დასრულდა“, – წერს მადიარი.
A historic day.
Today, propaganda broadcasting on Hungary’s public media has finally come to an end.
They lied by night. They lied by day. They lied on every channel.It’s over now.
— Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) July 7, 2026