პეტერ მადიარი აცხადებს, რომ, ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას

20:33, 04.09.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ, ევროკავშირში დროებითი დაცვის წესების ცვლილების მიუხედავად, ბუდაპეშტი გააგრძელებს სამხედრო გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის თავშესაფრის მიცემას.

მისივე თქმით, უნგრეთის ხელისუფლება თავად გადაწყვეტს ასეთი მოქალაქეების მიღების საკითხს, პირველ ყოვლისა, იმიერკარპატეთის ეთნიკური უნგრელების შემთხვევაში.

მადიარის თქმით, ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირმა უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის მინიჭების პირობებს გადახედა და პროგრამიდან გამორიცხა სამხედრო ვალდებულების მქონე პირები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის მოთხოვნები არ შეასრულეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასეთ მიდგომას მიუღებელი უწოდა.

„უნგრეთი სხვაგვარად იმოქმედებს და მომავალშიც იტოვებს უფლებას, თავშესაფარი მისცეს სამხედრო გაწვევის ასაკის იმ კაცებსაც, რომლებიც უნგრეთის ტერიტორიაზე გამორბიან. ცხადია, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ჩვენს იმიერკარპატელ თანამემამულეებს. ასეთი ლტოლვილების რაოდენობა სულ უფრო იზრდება და გულწრფელად ვიტყვი, რომ პირადად მე უღირსად და გაუგებრად მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა მადიარმა.

მისი შეფასებით, ახალი წესები ფაქტობრივად აიძულებს უკრაინელებს, დარჩნენ ქვეყანაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ართმევს მათ ევროკავშირში დაცვის მიღების მანამდე არსებულ შესაძლებლობას.

ცნობისთვის, უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის სისტემა 2022 წლის მარტიდან მოქმედებს და მისი ვადა 2028 წლის 4 მარტამდეა გაგრძელებული.

ბრიუსელში ამ მექანიზმის კორექტირების აუცილებლობა „უკრაინის თავდაცვითი საჭიროებებით“ ახსნეს. ამასთან, ახალი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უკრაინელებზე, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვა უკვე ჰქონდათ მინიჭებული.

დროებითი დაცვის მოთხოვნისას განმცხადებლებმა უნდა დაადასტურონ, რომ არ დაურღვევიათ სამხედრო აღრიცხვასა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ვალდებულებები. კერძოდ, ასეთ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს პასპორტი, რომელშიც უკრაინის საზღვრის კანონიერად გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპი არსებობს. განმცხადებელს ასევე შეუძლია, წარადგინოს ქაღალდის ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულებების შესრულებას.

ევროსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში დროებითი დაცვის სტატუსით ყველაზე მეტი უკრაინელი გერმანიაში იმყოფებოდა – 1,2 მილიონზე მეტი. ევროკავშირში ასეთი სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა სულ 4,4 მილიონს შეადგენს. ზაფხულის დასაწყისისთვის უნგრეთში დროებითი დაცვის სტატუსით 44,9 ათასი უკრაინელი სარგებლობდა.

მსგავსი