პეტერ ფიშერი - შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების, გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით
პეტერ ფიშერი - შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების, გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით

შეგიძლიათ თქვათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა უაზრობაა. კეთილი. თქვენ არ ხართ ვალდებული, გაწევრიანდეთ. აკეთეთ თქვენი საქმე, საქართველოვ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პეტერ ფიშერის თქმით, საქართველო მიღებული კანონებით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში.

„შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. იგივე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ლიბერალურ დემოკრატიაში მთავრობას არ შეუძლია, აირჩიოს ოპოზიცია, არამედ მათ უნდა იურთიერთონ არსებულ ადამიანებთან. ეს არის დემოკრატიის ცენტრალური იდეა. ადამიანებს აქვთ თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა, თუნდაც ეს მთავრობას არ მოსწონდეს“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

ამასთან, გერმანიის ელჩს კითხვა დაუსვეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით, რაზეც პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ „საქართველოს სურდა ისეთი ვიღაცის ჩართვა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის“.

„იცით, რომ 21 ნოემბრისთვის დაგეგმილი იყო დიალოგი ადამიანის უფლებებზე, რომელმაც უკვე ჩაიარა და საქართველოს სურდა ისეთი ვიღაცის ჩართვა, რომელიც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. იმის გამო, რომ დაჟინებით სურდათ მისი მონაწილეობა, ევროკავშირმა გადაწყვიტა შეხვედრის გაუქმება. ეს იგივეა, რაც ჭაჭა მიგეტანა ანონიმი ალკოჰოლიკების ჯგუფის შეკრებაზე. ეს არ არის პროფესიონალური სტანდარტი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.