საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.
კერძოდ, ფიშერი აზიარებს სლოვაკეთში შალვა პაპუაშვილის მიერ ქართველ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს, სადაც პაპუაშვილი ამბობს: „ვფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა. როგორც ჩანს, მას ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს. ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ერთმა ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. ფაქტია, მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველოდებით, როდის დატოვებს ის საქართველოს. დარჩა სულ რამდენიმე კვირა. ასე რომ, ველოდებით, რომ დატოვებს საქართველოს და ქართულ-გერმანული ურთიერთობის ეს მომენტიც დაგვავიწყდება“.
ფიშერის თქმით, ევროკავშირი თანამშრომლობა და სოლიდარობაა.
„როგორ არ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში: ჩადიხართ ევროკავშირის წევრ ერთ სახელმწიფოში და მეორე წევრის ელჩს ცილს სწამებთ. ევროკავშირი თანამშრომლობა და სოლიდარობაა. მაგალითი: გერმანია სლოვაკეთის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ინვესტიციებისა და მრეწველობის ცენტრალური ნაწილია. ღრმა ურთიერთდამოკიდებულება სლოვაკეთის ეკონომიკისთვის საყრდენია“, – წერს პეტერ ფიშერი.
შეგახსენებთ, სლოვაკეთში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მედიით გავრცელებულ პეტერ ფიშერის განცხადებაზე, სადაც ელჩი ამბობდა: „ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არცერთი მათგანი არის კარგი. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს ან რომელიმე წევრ ქვეყანას ლექციის წაკითხვა სჭირდებოდეს იმასთან დაკავშირებით, რა არის ევროპა“.