პეტერ ფიშერი - მნიშვნელოვანია პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, საქართველოს მიღწეული აქვს დიდი პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრესს გააგრძელებს
პეტერ ფიშერი - მნიშვნელოვანია პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, საქართველოს მიღწეული აქვს დიდი პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრესს გააგრძელებს

მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული იქნას პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. საქართველოს მიღწეული აქვს დიდი პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრესს გააგრძელებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის თქმით, მისი რეკომენდაციაა, საქართველომ სწრაფად მიაღწიოს პროგრესს.

„წელს, დეკემბერში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე მოკლე ვადაა, რადგან ზაფხულში ჩვენ ვირჩევთ ახალ ევროპარლამენტს, ახალ ევროკომისიას, საქართველოც ატარებს თავის არჩევნებს. ჩემი რეკომენდაციაა, მიღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

ამასთან, კითხვაზე, „არასამთავრობოები ოლივერ ვარჰეის მოუწოდებენ, გამოაქვეყნოს შუალედური ანგარიში, როგორ ასრულებს საქართველო ცხრა ნაბიჯს. შესაძლებელია ასეთი რამ, რომ გამოაქვეყნოს შუალედური ანგარიში და არ დაელოდოს ფინალური ანგარიშის გამოქვეყნებას?“ – გერმანიის ელჩი პასუხობს: „არ ვარ დარწმუნებული ამასთან დაკავშირებით. არ არის დადგენილი პროცედურა, რომ რამის ადრე გამოქვეყნებას აქვს რაიმე უპირატესობა ან ნაკლი“.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, საკითხთან დაკავშირებით პეტერ ფიშერს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

ფიშერის თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, იპოვონ ისეთი გამოსავალი, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

„არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დეტალებზე. ქართველების გადასაწყვეტია, იპოვონ გამოსავალი, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება. ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციებს. ზოგადად, ჩვენ გვაქვს მოწოდება, რომ მათ სერიოზულად მიუდგნენ, იმუშაონ კომისიის შესაქმნელად, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ნდობა, რომ ის არჩევნების სამართლიანობას დაიცავს. ეს აშკარად არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.