პეტერ ფიშერი – 2024 წლის დასაწყისიდან, ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირს შორდება, ჩვენ გვინდა თქვენი წევრობა, გვინდა, გქონდეთ ვიზალიბერალიზაცია, გავაღრმაოთ მეგობრობა, ეს არის ევროპის არსი

15:45, 02.09.2025

2024 წლის დასაწყისიდან, ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირს შორდება. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა თქვენი წევრობა, გვინდა, რომ გქონდეთ ვიზალიბერალიზაცია, გვინდა, გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ ჩვენი მეგობრობა. სწორედ ეს არის ევროპის არსი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის ვიდეოში აცხადებს.

ფიშერის თქმით, ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის სივრცეს.

„საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს დიდებული საერთო გეგმები გვაქვს. ევროკავშირმა საქართველოს წევრობა შესთავაზა, ეს ნიშნავს, რომ მისაღებ ოთახში შემოგიპატიჟეთ ერთად საცხოვრებლად. ევროკავშირი ჩვენი თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რა არის ევროკავშირი. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ადამიანი სტუმრობს ევროკავშირს. სტუმრობს ჩვენს წევრ სახელმწიფოებს, ბევრი ცხოვრობს ჩვენს ქვეყნებში, ბევრი ემიგრირდება ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს ძველი ისტორიული კავშირი და ქართველებს აქვთ მოწვევა, ვფიქრობ, შესაძლებლობა, შეუერთდნენ მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ამ სივრცეს. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში, ეს შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირში ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლება. ჩვენ არ გვინდა ეს ევროკავშირისგან. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები გვესტუმრონ მაშინ, როცა სურთ, როგორც სასურველი სტუმრები და მეგობრები. თუმცა იცით, რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტია, ეს ვთქვი, მაგრამ ასევე დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებების, დისკრიმინაციის აკრძალვის, კანონის უზენაესობის. ეს ყველაფერი ძირითადი ელემენტებია. ჩვენ 27 წევრი სახელმწიფო ვართ, უკიდურესად მრავალფეროვანები ვართ. ევროკავშირში არავის უწევს თავისი კულტურის, ღირებულებების, ტრადიციების დათმობა. თუ მხოლოდ ევროკავშირის ხალხზე დაფიქრდებით, თუ მაგალითად, ავიღებთ ვინმეს მალტიდან, ლიტვიდან, დანიიდან ან ბულგარეთიდან, ჩვენ ყველას გვაქვს ევროკავშირის მოქალაქეობა, მაგრამ ყველას განსხვავებული ტრადიციები და წარმომავლობა. ერთადერთი, რაც უნდა გავიზიაროთ, ესაა საერთო ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა. ეს ყოველივე აუცილებელია.

იცით, რომ ჩვენი დევიზია მრავალფეროვნებაში გაერთიანება. ჩვენ მრავალფეროვნებას ვზეიმობთ და ზოგჯერ ახალგაზრდა ქართველები მეკითხებიან, ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტრადიციები, რელიგია, ეროვნული სიამაყე? არა. ოდნავადაც არა. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი ტრადიცია, რელიგია. იცით, ევროკავშირში ჩვენ გვაქვს რელიგია. ბოლოს და ბოლოს, მაგალითია პაპი. ევროკავშირის შუაგულში ცხოვრობს და ჩვენ გვყავს მრავალი, მრავალი ქრისტიანი, კათოლიკე, პროტესტანტი, სხვა კონფესიების წარმომადგენელი. ჩვენ გვაქვს რელიგიის თავისუფლება, ამიტომ ერთად გავაგრძელოთ ეს გზა. ეს არის ჩემი სურვილი და მოწოდება, რომ დავუბრუნდეთ იმას, რასაც 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. 2024 წლის დასაწყისიდან, ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირს შორდება. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ გვინდა თქვენი წევრობა, ჩვენ გვინდა, რომ გქონდეთ ვიზალიბერალიზაცია, გვინდა, გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ მეგობრობა. სწორედ ეს არის ევროპის არსი“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მსგავსი