„ლიეპაიას“ მწვრთნელმა, თამაზ პერტიამ ფეხბურთელები მოსამზადებლად შეკრიბა და ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონისთვის ლატვიურ გუნდში სამი ქართველი ახალწვეული ეყოლება.
გავრცელებული ცნობით, ლატვიურ გუნდს შეუერთდნენ „საბურთალოს“ შემტევი ლუკა სილაგაძე, ბოლო დროს უგუნდოდ დარჩენილი რატი არდაზიშვილი და „თელავის“ ნახევარმცველი ვაჟა ფაცაცია.
„ლიეპაიას“ მთავარმა მწვრთნელმა, თამაზ პერტიამ გუნდი უკვე შეკრიბა და ახალი სეზონის დაწყებამდე განახლებულ შემადგენლობაზე პირველი კომენტარი კლუბის ვებგვერდთან გააკეთა.
„სეზონისთვის თებერვალში თურქეთში მოვემზადებით. შემადგენლობა შეიცვლება, თუმცა ბირთვის 70 პროცენტი შევინარჩუნეთ. ჩვენ ყველა რგოლი განვაახლეთ. მოვიწვიეთ კვალიფიციური ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ არ დავასახელებ, მაგრამ უკვე აქვთ მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება“, – ამბობს თამაზ პერტია.