პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გასული წლის ანგარიშს პარლამენტს 1-ელ მარტს წარუდგენს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გასული წლის ანგარიშს პარლამენტს 1-ელ მარტს წარუდგენს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი გასული წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს პარლამენტს 1-ელ მარტს წარუდგენს.

თამარ ქალდანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე  ექვსი რეკომენდაციის შესრულების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კომიტეტმა 2017 წლის აპრილში მისცა.

ქალდანის ცნობით, რეკომენდაციების საფუძველზე საფინანსო სექტორში 95 შემოწმება ჩატარდა და განსაკუთრებული აქცენტი სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებაზე კეთდებოდა.

„ასევე ვიდეოთვალთვალთან მიმართებაში 2400-ზე მეტი სათვალთვალო სისტემა შევისწავლეთ. შარშან 260-ზე მეტი სამართალდარღვევის ფაქტია გამოვლენილი. თუ რა ტიპის დარღვევები იყო და რამდენი ჯარიმის დაკისრება მოხდა, ამაზე საუბარი იმ ანგარიშში იქნება, რომელსაც პარლამენტს 1-ელ მარტს წარვუდგენთ. რაც შეეხება დარღვევებს, სხვადასხვა სახის იყო, თუმცა დადებითი ტენდენციაა, რომ საჯარო სექტორში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის” კანონით დაკისრებული ვალდებულებებზე უკეთ არიან გათვიცნობიერებული. უამრავი გამოწვევა და სამართალდარღვევები რჩება, რის გამოც ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ ხარვეზი გამოსწორდეს. ჩვენ მიმართ მომართვას პრევენციის ფუნქცია აქვს, რადგან ხშირად, ერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ათასი მოქალაქის ინტერესების დაცვა ხდება, რადგან დარღვევა აღმოიფხვრება და პრობლემები სხვა მოქალაქეებს აღარ შეექმნებათ”, – განაცხადა ქალდანმა.