პენტაგონში აცხადებენ, რომ ირანისგან საპასუხო ნაბიჯებს ელოდებიან
პენტაგონში აცხადებენ, რომ ირანისგან საპასუხო ნაბიჯებს ელოდებიან

პენტაგონში აცხადებენ, რომ ირანისგან საპასუხო ნაბიჯებს ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა გააკეთა.

მისი თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ თეირანიდან ამა თუ იმ ფორმის საპასუხო რეაქცია იქნება.

ესპერმა ასევე განაცხადა, რომ მოკლული ყასემ სოლეიმანი აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმებს უახლოეს დღეებში ამზადებდა.

„სოლეიმანი გახლდათ ტერორისტული ლიდერი, ის აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებს 20 წლის განმავლობაში ახორციელებდა. ამიტომ ის კანონიერად იყო სამიზნე“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ „აშშ-ს არ სურს ირანთან ომის დაწყება და ვითარების განმუხტვის მომხრეა“.

ამავე პრესკონფერენციაზე მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყს არ დატოვებენ, რადგან შესაბამისი მოთხოვნა ვაშინგტონს ერაყის მთავრობისგან არ მიუღია. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ერაყის პარლამენტში დამტკიცებული რეზოლუცია, რომელშიც დეპუტატები ერაყის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანას ითხოვენ, შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

ერაყში ამჟამად 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.