პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩინეთი ბირთვულ არსენალს ზრდის
პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩინეთი ბირთვულ არსენალს ზრდის

პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩინეთი ბირთვულ არსენალს ზრდის. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

პენტაგონმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვით, 2030 წლისთვის ჩინეთის არსენალი შესაძლოა, 1 000 ბირთვულ ქობინამდე გაიზარდოს.

პენტაგონის მოხსენება ბოლო წლებში ჩინეთის ბირთვული შესაძლებლობების მოდერნიზებაზე და ქვეყანაში სარაკეტო ბუნკერების მშენებლობის ინტენსივობაზეა დამყარებული.

პენტაგონის თქმით, ჩინეთი ინვესტირებას ახორციელებს და აფართოებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით ბირთვული იარაღის გამშვები პლატფორმების რაოდენობას და აშენებს ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია მისი ბირთვული შესაძლებლობების გაფართოების მხარდასაჭერად.

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ისა და რუსეთის, ორი წამყვანი ბირთვული სახელმწიფოს მსგავსად, ჩინეთი აშენებს „ბირთვულ ტრიადას“, ბირთვული იარაღის გაშვების შესაძლებლობებს ხმელეთზე, საჰაერო ხომალდებზე და წყალქვეშა ნავებზე განთავსებული ბალისტიკური რაკეტებით.

გარდა ამისა, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სწრაფი სამხედრო მოდენიზაცია მიზნად ისახავს, 2027 წლისთვის ჰქონდეს შესაძლებლობა, დაძლიოს ყოველგვარი დაბრკოლება ტაივანის დასაბრუნებლად, ზეწოლის ან სამხედრო ძალის გამოყენებით.