პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-მა და კოალიციურმა პარტნიორებმა ერაყში ოფიციალურად დაასრულეს ოპერაცია „თანდაყოლილი სიმტკიცე“, რაც შესაბამისობაშია აშშ-ერაყის 2024 წლის ერთობლივ განცხადებასთან
დღეს შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა კოალიციურმა პარტნიორებმა ერაყში ოფიციალურად დაასრულეს ოპერაცია „თანდაყოლილი სიმტკიცე“, რაც შესაბამისობაშია 2024 წლის სექტემბრის აშშ-ერაყის ერთობლივ განცხადებასთან და აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან, – ამის შესახებ პენტაგონის მთავარი სპიკერის, შონ პარნელის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კოალიციის ძალებისა და აღჭურვილობის ერაყის ერბილის საჰაერო ბაზიდან ორგანიზებული გასვლა აღნიშნავს იმ სამხედრო მისიის წარმატებით დასრულებას, რომლის შედეგადაც ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) დამარცხდა.
„ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ასახავს 12-წლიანი კამპანიის წარმატებას, რომლის შედეგადაც ISIS დამარცხდა როგორც ორგანიზებული სამხედრო საფრთხე ერაყსა და მთელ რეგიონში. ეს ასევე აღნიშნავს გარდამავალ ეტაპს საომარი მოქმედებების პერიოდში მოქმედი კოალიციური მისიიდან ერაყის ხელმძღვანელობით განხორციელებულ უსაფრთხოების ძალისხმევაზე, რომელსაც მხარს დაუჭერს ორ ქვეყანას შორის უფრო ჩვეულებრივი, ორმხრივი უსაფრთხოების ურთიერთობა.
ჩვენ ველით, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის პეშმერგა და ერაყის ქურთისტანის რეგიონში მოქმედი სხვა უსაფრთხოების ძალები, უხელმძღვანელებენ ერაყის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე ძალისხმევას და ISIS-ის ნარჩენებს დათრგუნულ მდგომარეობაში შეინარჩუნებენ. ომის დეპარტამენტი კვლავ გაუწევს ჩვენს ერაყელ პარტნიორებს მიზნობრივ სწავლებასა და სადაზვერვო მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადების მიხედვით, ერაყის წინაშე დარჩენილი უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაზე, მათ შორის ISIS-ის ნარჩენებისა და ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებების საკითხზე, რომლებიც ერაყის სუვერენიტეტსა და რეგიონულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან, ძირითადი პასუხისმგებლობა ახლა ერაყის მთავრობას ეკისრება.
„შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის და გააგრძელებს მუშაობას ერაყთან და ჩვენს პარტნიორებთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ISIS-მა ვერასდროს შეძლოს ძალების აღდგენა ერაყის ტერიტორიიდან,“ – აღნიშნულია შონ პარნელის განცხადებაში.
ამასთან, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ძლიერ და სუვერენულ ერაყს, რომელიც იცავს საკუთარ საზღვრებს, უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის უსაფრთხოებას და ქმნის საფუძველს ორ ქვეყანას შორის უფრო ღრმა კომერციული, დიპლომატიური და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის.
ცნობისთვის, აშშ-ის მეთაურობით კოალიციური ძალები ერაყში და სირიაში 2014 წელს შევიდნენ, რომელთა მიზანი ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა იყო.
„ისლამური სახელმწიფო“ ერაყში 2017, ხოლო სირიაში 2019 წელს დამარცხდა, თუმცა კოალიციის ძალები ადგილზე დარჩნენ დაჯგუფების ნარჩენებთან საბრძოლველად. ერაყიდან აშშ-ის ჯარების სრული გასვლა იმ მოვლენებიდან 23 წლის შემდეგ ხდება, როდესაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა ძალებმა სადამ ჰუსეინი დაამხეს, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევებამდე ფართომასშტაბიანი არეულობა და ქაოსი მოჰყვა.