პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებულ საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი, კიდევ ერთი კი დაშავდა.

ამასთან, პენტაგონში აღნიშნავენ, რომ დრონით განხორციელებულ მიზნობრივ დარტყმას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მოკლულთა ვინაობა არ გასაჯაროებულა, თუმცა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ისინი იყვნენ დაჯგუფების ორგანიზატორები და ფასილიტატორები.

„ის ფაქტი, რომ ეს ორი პირი აღარ დადის დედამიწაზე, კარგია“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ.

აშშ-ის დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.