პენტაგონში აცხადებენ, რომ 8 იანვარს ერაყის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშის შედეგად 34 ამერიკელი სამხედრო დაშავდა
პენტაგონში აცხადებენ, რომ 8 იანვარს ერაყის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიშის შედეგად 34 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

8 იანვარს ირანის მიერ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

მისი თქმით, ჯარისკაცებს კანტუზია და ტვინის შერყევა აღენიშნებოდათ. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ დაშავებული სამხედროების ნახევარმა მკურნალობა დაასრულა და დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა.

ირანის სარაკეტო იერიშის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა. მოგვიანებით, პენტაგონში განაცხადეს, რომ 11-მა სამხედრომ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

8 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსმა იერიში მიიტანა ავიაბაზა ალ-ასადზე და ერბილში მდებარე სამხედრო ობიექტზე. თეირანში განაცხადეს, რომ ეს იყო შურისძიება, აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმენის ლიკვიდაციისთვის.