პენტაგონმა აშშ-ში სამხედრო ბაზებზე საუდელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლებები შეაჩერა
პენტაგონმა აშშ-ში სამხედრო ბაზებზე საუდელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლებები შეაჩერა

პენტაგონმა აშშ-ში სამხედრო ბაზებზე საუდელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლებები შეაჩერა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ფლორიდაში, პენსაკოლას სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ყველა უცხოელი სამხედრო კურსანტი გადამოწმებას გაივლის. გადამოწმება 10 დღის განმავლობაში ჩატარდება, რა დროსაც საუდელ სტუდენტებს სწავლება შეუჩერდებათ.

ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფლორიდაში საუდელი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ბაზას თავს დაესხა.

საუდის არაბეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, რომელიც ამერიკულ ბაზაზე სამხედრო წვრთნას გადიოდა, 6 დეკემბერს ცეცხლი გახსნა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. თავად თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზე განხორციელდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდასხმამდე ცოტა ხნის ადრე, 21 წლის ბოროტმოქმედმა ინტერნეტსივრცეში მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბოროტების ქვეყანა“ უწოდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიანმა მომხდარი აშკარა ტერაქტად შეაფასა, თუმცა თავდასხმის ოფიციალურ მოტივებს ამჟამად გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.

პენტაგონის მონაცემებით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო სწავლებას 850 საუდელი სტუდენტი გადის.