პენტაგონის წარმომადგენელმა ნატოელ პარტნიორებთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა
პენტაგონის წარმომადგენელმა ნატოელ პარტნიორებთან ერთად უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ამანდა დორი, ასევე კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პენტაგონი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ქვეყნები არიან უკრაინის უსაფრთხოების მთავარი კონტრიბუტორები.
„ლიდერებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და შეშფოთება გამოთქვეს რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობის ზრდის გამო“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
მოლაპარაკებების მონაწილეთა აზრით, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებები ძირს უთხრის დეესკალაციას, რომელიც მიღწეული იყო ეუთო-ს შუამავლობით 2020 წლის ივლისში.
აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა.