პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი - მოვუწოდებთ ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ
პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი - მოვუწოდებთ ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ პენტაგონის სამხრეთ და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა, ალტონ ბულანდმა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება: უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მომავალი“.

მისი თქმით, კრემლის მოქმედება შავ ზღვაში შემაშფოთებელია.

როგორც ბულანდმა აღნიშნა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ქმედებები, საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, შავი ზღვის მილიტარიზაცია, პროვოკაციული ქმედებები საჰაერო და საზღვაო სივრცეში ასახავს რუსეთის ამბიციებს, აღიდგინოს დომინანტური პოზიცია.

„საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაწევის კუთხით მტკიცე ერთგულებას ვიჩენთ. ეს ნიშნავს, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, აგრეთვე პოტენციური მოწინააღმდეგეებისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს მინიჭებული აქვთ პარტნიორის სტატუსის გაფართოებული შესაძლებლობები. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირესა და პარტნიორს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ალტონ ბულანდმა.