პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისი – ირანთან ომმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში საბრძოლო მასალების დეფიციტი გამოიწვია
ირანთან ომმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში საბრძოლო მასალების დეფიციტი და მათი მარაგების შევსების პროცესში შეფერხებები გამოიწვია. ამის შესახებ პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოფისის ახალ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიში ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის საბრძოლო მასალების მარაგები „პრაქტიკულად შეუზღუდავია“ და დეფიციტის შესახებ გავრცელებული ცნობები „ფეიკ ნიუსია“.
დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს მონაცემებით, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით აშშ-მა საბრძოლო მასალებზე 22 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, რამაც „სტრატეგიული მარაგების დეფიციტი“ გამოიწვია. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალის წარმოებისა და მარაგების შევსების მიმართულებით აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო სექტორში გარკვეული შეფერხებები არსებობს.
გენერალური ინსპექტორის ახალ ანგარიშში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, თუ რამდენი იარაღი და საბრძოლო მასალა დარჩა აშშ-ის არსენალში, თუმცა, დოკუმენტი ადასტურებს როგორც მარაგების დეფიციტს, ისე წარმოების მიმართულებით არსებულ შეფერხებებს.
ანგარიშის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტი ახლა შესყიდვების პროცედურების გამარტივებასა და წარმოებისთვის საჭირო დროის შემცირებაზე მუშაობს, რათა დეფიციტი აღმოიფხვრას და შესაძლო ახალი სამხედრო კრიზისის შემთხვევაში სწრაფად რეაგირება შეძლოს.