პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია
პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აშშ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია

პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი ნატო-ს გენერალურ მდივანს ესაუბრა და განაცხადა, რომ აშშ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებების ერთგულია.

მხარეებმა მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარება, ასევე ავღანეთსა და ერაყში ნატო-ს მისიები განიხილეს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-ის თავდაცვის ახალ მდივანთან, რათა ტრანსატლანტიკური კავშირი გამყარდეს.

პენტაგონის ახალ ხელმძღვანელად გენერალი ლოიდ ოსთინი სენატმა 22 იანვარს დაამტკიცა. ოსთინი პირველი აფროამერიკელია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს კონგრესის ზედა პალატაში 93-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ორი კი წინააღმდეგ წავიდა.

ოსთინი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას 2013-დან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მთავარი ორგანიზატორი.