პენტაგონი - თუ თურქეთი ეს-400-ს შეიძენს, ამას სერიოზული შედეგი ექნება
პენტაგონი - თუ თურქეთი ეს-400-ს შეიძენს, ამას სერიოზული შედეგი ექნება

თუ თურქეთი რუსეთისგან ეს-400-ს შეიძენს, აშშ-სგან საბრძოლო თვითმფრინავ ეფ-35-ს და საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „პატრიოტს“ ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ჩალზ სამერსის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი ქვეყნებისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

„თუ თურქეთი ეს-400-ს შეიძენს, ამას სერიოზული შედეგი ექნება. ანკარა ვერ მიიღებს ეფ-35-ს და „პატრიოტს.” აღნიშნულ სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების და თურქეთის ურთიერთობა შეჩერდება.“ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

შტატების მხრიდან არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანკარა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო დანადგარ ეს-400-ის ყიდვას კვლავ აპირებს. როგორც 8 მარტს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, სისტემის განთავსება ქვეყანაში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება.