პენტაგონი - ირანის მიერ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიშის შედეგად 50 ამერიკელი სამხედრო დაშავდა
8 იანვარს ირანის მიერ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე მიტანილი იერიშის შედეგად 50 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმა გაავრცელა.
როგორც აშშ-ის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, 50 ამერიკელ ჯარისკაცს თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების დიაგნოზი დაუსვეს. პენტაგონში ასევე არ გამორიცხავენ, რომ დაშავებული ამერიკელი სამხედროების რიცხვი გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ 8 იანვრის სარაკეტო დარტყმის შედეგად 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ირანის იერიშის შედეგად „არავინ დაშავებულა“.
ირანმა ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიში აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ მიიტანა.