პენტაგონი - არაფერი მიუთითებს, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები თალიბებმა განზრახ დაუშვეს
პენტაგონი - არაფერი მიუთითებს, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები თალიბებმა განზრახ დაუშვეს

არაფერი მიუთითებს, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები თალიბებმა განზრახ დაუშვეს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეთ მაკკენზიმ განაცხადა. მისივე თქმით, „თალიბანის“ მებრძოლებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ გაჩხრიკეს პირები, რომლებიც აეროპორტს მიუახლოვდნენ.

„რამდენად დაუშვა „თალიბანმა“ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებები, არ ვიცი. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე ამაზე მიუთითებს. კითხვაზე, ვენდობი თუ არა „თალიბანს“, აქ ფრთხილად ვუპასუხებ. მე არაერთხელ ვთქვი, მთავრი არაა, რას ამბობენ თალიბები, მთავარია მათი მოქმედებები. მათ აქვთ პრაქტიკული მიზეზი, რომ ჩვენ 31 აგვისტოს დავტოვოთ ავღანეთი. მათ სურთ აეროპორტზე კონტროლის დამყარება. ჩვენც გვსურს, ამ დღეს დავტოვოთ ავღანეთი, თუ ეს შესაძლებელი იქნება. ამიტომ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი. ვიდრე ეს მიზანი გვაქვს, თალიბებთან მუშაობა სასარგებლო იყო. მათ შეამცირეს ზოგიერთი პრობლემები, რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვქონდა და ეს სასარგებლო იყო წინ წასაწევად“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტთან დღეს ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 60 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის დაიღუპა 12 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 140 კაცი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.