პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ათასობით სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ათასობით სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ათასობით სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს. როგორც „ასოშიეითედ პრესი“ წერს, დღეს შესაბამისი მოთხოვნით პენტაგონი თეთრ სახლს ოფიციალურად მიმართავს.

საქმე ეხება 5-დან 10 ათასამდე ამერიკელ სამხედროს, რომლის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დაძაბვის გამო იგეგმება.

ამერიკული მედია იუწყება, რომ თავდაპირველად რეგიონში ხუთი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ მოითხოვა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ასეთის მოთხოვნა პენტაგონმა უკვე მიიღო.

დააკმაყოფილებს თუ არა თეთრი სახლი ამ მოთხოვნას, ჯერ უცნობი რჩება. მანამდე აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 120 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნით იმუქრებოდა. ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ირანი ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხმება ან ბირთვული იარაღის შექმნის პროცესს დააჩქარებს.

აშშ-მა უკვე გააგზავნა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, სადესანტო ხომალდი „არლინგტონი“ და მინიმუმ 5 სამხედრო გემი. ყატარში ამერიკულ ბაზაზე ჩაფრინდნენ ბი-52-ის ტიპის ბომბდამშენები. ამას გარდა, რეგიონში განალაგეს სარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“.