პენიტენციური სამსახური - სიცრუეა, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ
პენიტენციური სამსახური - სიცრუეა, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სიცრუეა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განგაშია და ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მასთან კლინიკა „ვივამედის“ ექიმები შევიდნენ.

„განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.

მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.