პენიტენციური სამსახური - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს
პენიტენციური სამსახური - სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ტყუილს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკანორ მელიას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიკანორ მელიას სატელეფონო ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, ვიდრე საბანკო ბარათი დაუმზადდებოდა.

მათივე ინფორმაციით, ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან დარეკვა შესაძლებელია, ნიკა მელიას 25 თებერვალს გადაეცა.

„2021 წლის 27 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ბრალდებულ ნიკანორ მელიაზე საუბრისას ითქვა, რომ მას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ბრალდებულს სატელეფონო ზარზე შეზღუდვა არ აქვს. მას ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, სანამ დაუმზადდებოდა საბანკო ბარათი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ტელეფონებიდან არის დარეკვა შესაძლებელი. ბრალდებულს ბარათი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გადაეცა, რის შემდეგ უკვე შეუძლია სატელეფონო ზარის განხორციელება, თუმცა ამ დრომდე მას პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს მოთხოვნით, რომ სატელეფონო ზარი განეხორციელებინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.