პენიტენციური სამსახური - N12 დაწესებულებაში ადვოკატ შოთა თუთბერიძესა და ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის ინციდენტი მოხდა, დაწყებულია გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირს შეუჩერდა უფლებამოსილება
პენიტენციური სამსახური - N12 დაწესებულებაში ადვოკატ შოთა თუთბერიძესა და ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის ინციდენტი მოხდა, დაწყებულია გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირს შეუჩერდა უფლებამოსილება

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს.

„საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის „ბ“ პუნქტით. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად არის დაცული როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.