პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებული თეიმურაზ შარაშენიძე სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა, ამაჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია
პენიტენციური სამსახური - მსჯავრდებული თეიმურაზ შარაშენიძე სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა, ამაჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია

მსჯავრდებული თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ პირველ არხს სპეიცალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი (ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, წონის კონტროლი და სხვ). ამჟამად კი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ შარაშენიძე მის მიმართ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება, მოითხოვს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვას. ამ მოთხოვნებით სრული შიმშილობა 2018 წლის 8 ნოემბერს გამოაცხადა.

„რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ შარაშენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მან გონებაც დაკარგა, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გონების დაკარგვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა აბსოლუტურ შიმშილობაზე, 19 დეკემბერს დაუფიქსირდა წნევის მკვეთრი დაქვეითება. სამედიცინო პერსონალის შესვლის დროს იყო კონტაქტური, თანხმობა განაცხადა ინფუზიოთერაპიაზე და ექიმების თხოვნით, აბსოლუტური შიმშილობიდან გადავიდა სრულ შიმშილობაზე (იღებს სხვადასხვა სახის სითხეებს)“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, შარაშენიძე აცხადებს, რომ თუ მისი საქმე დადებითად არ გადაწყდა, კვლავ დაიწყებს აბსოლუტურ შიმშილობას.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, შარაშენიძე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2013 წლის 21 თებერვლიდანაა მოთავსებული. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.09.2006 წლის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 ნაწილებით (1961 წლის რედაქცია), სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 195-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქ/პუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. 13.10.2009 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „ო“ ქ/პუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 3 თვე და 19 დღე და საბოლოოდ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დღეს ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული თეიმურაზ შარაშენიძე N8 პენიტნციურ დაწესებულებაში 50-ე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.