პენიტენციური სამსახური მიმართავს სახალხო დამცველს, განმარტოს, ჰქონდა თუ არა ექსპერტთა ჯგუფის წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე
პენიტენციური სამსახური მიმართავს სახალხო დამცველს, განმარტოს, ჰქონდა თუ არა ექსპერტთა ჯგუფის წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ა.წ. 30 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა ამავე ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის დანართში ასახული მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.

უწყების ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ა.წ. 28 აპრილს გაგზავნილ წერილში საგანგებოდ იყო მითითებული, რომ დასკვნის დანართი არ არის საჯარო.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მყისიერი რეაგირება სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე და გაავრცელა განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდებოდა სახალხო დამცველს. 30 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სახალხო დამცველს და ელოდება არგუმენტირებულ პასუხს დასმულ კითხვებზე. წერილში ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სწორედ გამჟღავნებულ ინფორმაციას სისხლში ალბუმინის რაოდენობასთან დაკავშირებით. გაჟღერებული მონაცემი მკვეთრად განსხვავებულია ანალიზების რეალურ შედეგთან, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ექსპერტთა ჯგუფისთვის.

სახალხო დამცველის აპარატიდან პასუხების მიღებასა და, საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფის წევრებთან გასაუბრებამდე ექიმის მიერ შერჩევით, დასაზუსტებელი ლაბორატორიული მონაცემის გასაჯაროება არის მაღალი რისკის შემცველი, რამაც შესაძლოა, საზოგადოების არასწორი ინფორმირების გზით, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული წარმოდგენების შექმნა გამოიწვიოს.

მივმართავთ სახალხო დამცველს, რომლის აპარატის წერილის თანახმადაც, სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ იყო საჯარო, განმარტოს, ჰქონდა თუ არა მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობა დასკვნის დანართის გასაჯაროებაზე, რომელშიც მოცემულია ჩივილები, დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალი და სხვა მონაცემები“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.