პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ყველა პატიმარს სააღდგომო ნობათი გადაეცემა
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ყველა პატიმარს სააღდგომო ნობათი გადაეცემა

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ თითოეულ ბრალდებულსა და მსჯავრდებულს სააღდგომოდ „გუდვილი” წითელ კვერცხებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ამასთან, პენიტენციური სისტემის კვებითი მომსახურების კონტრაქტორ კომპანია შპს „ილი ჯგუფისგან”, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, თითოეული პატიმარი სააღდგომოდ 500-გრამიან პასკას მიიღებს.

გარდა ამისა, სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში” მოთავსებულ 45 ბრალდებულს (რომლებიც ასევე მიიღებენ „გუდვილისა” და „ილი ჯგუფის” საჩუქრებს), კლინიკის კვებით მომმარაგებელი კომპანია შპს „ღია”, პასკას, წითელ კვერცხსა და სანთელს გადასცემს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიებს ინიციატივისთვის. ამ სააღდგომო ნობათით ნაწილობრივ მაინც კომპენსირდება ის დანაკლისი, რაც პატიმრებს ქვეყანაში შექმნილი მგომარეობის გამო, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პაემნებისა და ამანათების აკრძალვის შედეგად გაუჩნდათ“, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 471 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 634 არის მსჯავრდებული.