პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება
პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე შეზღუდვა იხსნება

ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნება.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

ხანგრძლივი პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ასევე სრულად ვაქცინირებული იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გატარდა, რათა სისტემა „კოვიდ-19“-ის გავრცელებისგან დაცული ყოფილიყო. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი