პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა
პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი დამტკიცდა.

დაწესებულებაში თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თამბაქოს მოხმარება შეეძლება მისი განთავსებისა და დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

ამასთან, არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული,  თამბაქოს მომხმარებელი ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან  განცალკევებით თავსდება. ერთად მოთავსება შესაძლებელია მხოლოდ არამწეველი ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

დაწესებულების მოსამსახურეს და დაწესებულებაში შემსვლელ გარეშე პირებს თამბაქოს მოხმარება შეუძლიათ მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ადგილზე.

კახა კახიშვილის ბრძანების თანახმად, მოსაწევი ადგილი მხოლოდ თამბაქოს მოწევისთვის იქნება განკუთვნილი და ის იზოლირებული უნდა იყოს ყველა სახის სამუშაო, საკვები ან/და დასასვენებელი ოთახისა და სხვა დანიშნულების ბლოკისგან, მოწყობილობისა და ნივთიერებისგან. ამასთან, აღნიშნული ადგილი ადვილად უნდა ნიავდებოდეს.

ამასთან, დაუშვებელია ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირის მიერ დაწესებულებაში შესვლისას თამბაქოს ნაწარმის შეტანა. ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან შეხვედრაზე მყოფი პირის მიერ შეხვედრის ადგილზე თამბაქოს მოხმარება, გარდა ხანგრძლივი პაემნის ოთახისა. თუ ხანგრძლივ პაემანზე მყოფი ერთ-ერთი პირი არამწეველია, მეორეს მიერ თამბაქოს მოხმარება შეიძლება მხოლოდ არამწეველის წერილობითი თანხმობით.

თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ასევე, დაწესებულების მოსამსახურის მიერ აღნიშნული  წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შესაძლოა, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.

კახა კახიშვილის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა და 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.