პეკკა ჰაავისტო - ძალიან შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენებით, იმით, რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან
პეკკა ჰაავისტო - ძალიან შეშფოთებულები ვართ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენებით, იმით, რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან

ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ პეკკა ჰაავისტოს შორის შეხვედრა გაიმართა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა.

პეკკა ჰაავისტოს განცხადებით, შეშფოთებულები არიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენებით, იმით, რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან.

„საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ ის ძალიან სერიოზული კიბერთავდასხმა, რომელსაც საქართველოში ოქტომბრის თვეში ჰქონდა ადგილი, იცით, რომ ფინეთმაც და ევროკავშირმაც დაგმეს ეს თავდასხმა. ამას გარდა, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენებით, იმით, რაც ხდება ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე ვიმყოფებით და რაც ხდება, სწორედ ამ ჭრილში, ადამიანის უფლებების კუთხითაც უნდა განვიხილოთ“ ,- განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმა.

პეკკა ჰაავისტოს განმარტებით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც, რომელსაც ძალიან პოზიტიური განვითარება აქვს.

„საქართველოსა და ფინეთს შორის იზრდება ვაჭრობა, თბილისთან ახლოს გაიხსნა ფინური სკოლა, დეკემბრიდან საქართველოსა და ფინეთს შორის ახალი ფრენები იწყება, ურთიერთობები არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, ადამიანური კავშირების დაახლოებითაც პოზიტიურად ვითარდება“ ,- განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმა.