პეკინში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთთან ითანამშრომლონ, რათა ხელი შეუწყონ ისრაელისა და „ჰამასის“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს
The Russian national flag flies in front of the Great Hall of the People before a welcoming ceremony for Russian Prime Minister Mikhail Mishustin in Beijing, China, Wednesday, May 24, 2023. (Thomas Peter/Pool Photo via AP)
ჩინეთი მზად არის, ითანამშრომლოს რუსეთთან, რათა ხელი შეუწყოს ისრაელისა და „ჰამასის“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში პეკინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჟაი ჯუნმა განაცხადა.
„ჩინეთი და რუსეთი პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ერთსა და იმავე პოზიციას იზიარებენ და ჩინეთი მზად არის, შეინარჩუნოს კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან, რათა სიტუაცია რაც შეიძლება მალე განიმუხტოს“, – განაცხადა ჟაი ჯუნმა.
მისივე თქმით, ჩინეთი მზად არის „დადებითი როლის შესასრულებლად“ ორ მხარეს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაში.
ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პეკინში „გული შესტკივათ“ კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო და მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის ჩინეთთან თანამშრომლობისთვის.
„რუსეთი მზადაა იმუშაოს ჩინეთთან, რათა ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას და შეაჩეროს ბრძოლა პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის“, – განაცხადა ბოგდანოვმა.