პეკინი 2022 | ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ ზამთრის ოლიმპიადებზე ქართული რეკორდი გააუმჯობესეს [ვიდეო] #1TVSPORT
16:23, 19.02.2022
ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ქართველი სპორტსმენების საუკეთესო მაჩვენებელი მეათე ადგილია. 2006 წელს ეს შედეგი ფიგურულ ციგურაობაში ელენე გედევანიშვილმა უჩვენა, ხოლო 2022 წელს, მიმდინარე პეკინის ოლიმპიადაზე – მორის ყვითელაშვილმა გაიმეორა.
ასევე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით კარგად ისრიალეს ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ. მათ სპორტულ წყვილებში პირველი გამოსვლა მეცხრე ადგილზე დაასრულეს და ჰქონდათ შანსი ისტორიული რეკორდი დაეფიქსირებინათ.
თავისუფალი პროგრამით ისინი 19 თებერვალს წარდგნენ და არბიტრებისგან 126.33 ქულა მიიღეს. წინა დღისით პროგრამაში 66.11 ქულა ჰქონდათ. ქულების დაჯამების შედეგად მივიღეთ 192.44 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საუკეთესო ცხრა სპორტსმენს შორის მოხვდნენ. ეს უკვე ქართული რეკორდია ზამთრის ოლიმპიადებზე.