პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს
პეკა ჰაავისტო აცხადებს, რომ ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდება.

აღნიშნულის შესახებ პეკა ჰაავისტომ ფინურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ფინეთის საგარეო უწყება უკვე ჩამოყალიბდა, თუ როგორ შეზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას.

„პრაქტიკაში, ეს იქნება შემდეგნაირად: თქვენ შეგეძლებათ, დოკუმენტების წარდგენა ტურისტულ ვიზაზე ორშაბათს, ხოლო სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დოკუმენტების ჩაბარება შეგეძლებათ ოჯახური მდგომარეობების, სწავლის, სამუშაოს ან სხვა მიზეზებზე“, – განმარტა ჰავისტომ.

ჰაავისტოს განცხადებით, ახლად შემოღებული წესები მნიშვნელოვნად შეანელებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას. მისი თქმით, ამ გზით ფინეთს თავად შეეძლება, შეზღუდოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა, თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსებს მაინც ექნებათ შესაძლებლობა, ფინეთის საზღვარი შენგენის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ვიზით გადაკვეთონ.