პედრო სანჩესი – სეუტაში ათასობით მიგრანტის მასობრივი შემოსვლა ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევაა
ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში ათასობით მიგრანტის მასობრივი შემოსვლა ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
„გუშინ მომხდარი არის თავდასხმა, ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. სეუტა ესპანეთის ქალაქია და გუშინ მომხდარი უმკაცრესად უნდა დაიგმოს“, – განაცხადა სანჩესმა.
მისი თქმით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ ადამიანი სეუტის ტერიტორიაზე ზღვით თუ შევა, მისი დაუყოვნებლივ უკან გაძევება კანონიერი არ არის, ადამიანების უკანონოდ გადამყვანმა დანაშაულებრივმა ქსელებმა კი ეს გადაწყვეტილება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და მიგრანტები დაარწმუნეს, წყალში შესულიყვნენ.
ესპანეთის პრემიერი-მინისტრის თქმით, ხელისუფლება დააჩქარებს უკანონოდ შემოსული მიგრანტების საქმეების განხილვასა და მათ რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
„როგორც ხედავთ, ამ მიგრანტებიდან ბევრი უკვე ტოვებს ტერიტორიას“,- აღნიშნა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მაროკოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია, რათა რეპატრიაციები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და უკანონოდ შემოსულმა მიგრანტებმა ტერიტორია დატოვონ.
ესპანეთის პრემიერ-პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებამ საკითხის მართვას სისტემურად უნდა შეხედოს, საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანითაც კი.