პედიატრი ქეთევან მერებაშვილი საქმიანობის აკრძალვის გამო სასამართლო დავის დაწყებას აპირებს
პედიატრი ქეთევან მერებაშვილი საქმიანობის აკრძალვის გამო სასამართლო დავის დაწყებას აპირებს

პედიატრი ქეთევან მერებაშვილი რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებას და ე.წ. მაუგლის მეთოდთან დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს.

მისი თქმით, მეთოდი, რომელსაც ის ჩვილ ბავშვებში აღზრდისას იყენებს, არა საზიანო, არამედ ჩვილებისთვის სასარგებლოა. მერებაშვილი სასამართლო დავის დაწყებას აპირებს.

„ეს მეთოდი არის შუამავალი რგოლი მედიცინასა და მშობლებს შორის. ვასწავლით დედებს, როგორ იყვნენ ბედნიერები, როგორ მართონ ბავშვის ორგანიზმი. რა გააკეთონ იმისთვის, რომ არ იყოს დაგვიანებული ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარება. 100 პროცენტით უსაფრთხოა. შემთხვევით ყველაფერი ხდება, ვესაუბრე ტრავმატოლოგ-ქირურგს და არც ერთი თქვენი ბავშვი ჩემთან არ მოხვედრილაო. ჩვენი მეთოდი არის სრულიად უსაფრთხო. ჩემმა კოლეგებმა რამდენი სადისერტაციო თემა გაუშვეს ხელიდან ხო? 30 წელია, ვმუშაობ პაციენტებთან, 30 წელია მაქვს უნიკალური შედეგები, არც ერთი ჩემი კოლეგა არ დაინტერესებულა ამით და დღეს საქართველოს სიამაყე ბავშვებს ეუბნებიან, იცით რა, თქვენ არასწორად გაიზარდეთ და ეს მეთოდი უნდა აგვიკრძალონ. იმისათვის რომ თანდაყოლილი რეფლექსები არ გაქრეს, განვითარდეს დროულად, გაკეთდეს პროფილაქტიკა იმ დაავადებების, რომლებიც შემდეგ და შემდეგ ეტაპებზე ვლინდება, არ იყოს ინვალიდობის ხარისხი და ბავშვთა სიკვდილიანობა, ამისთვის არის ეს ყველაფერი. პირველი ბავშვი, რომელსაც ვიცნობ, ვინც ამ მეთოდით გაიზარდა, არის 62 წლის, ჩემი ტოლია.

ბავშვების ვარჯიში სულ იყო და ბევრი მეთოდია. დღეს ჩემი მოსაზრებით კი არა, ჩემი პრაქტიკით ვლაპარაკობ, არსებობს არქივები სადაც არის, როგორი ბავშვი გამოატანეს მშობლებს და როგორი გახდა ჩემთან. ადამიანი, რომელიც ამას კრძალავს, ეს ხდება დაუსაბუთებლად. მანახეთ ჩემი დაზიანებული ბავშვი. მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი, ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა, ჩემთან რატომ არავინ მოდის? საპატიო პენსიაზე ვარ, მაგრამ დედათა აკადემიის შექმნას ვაპირებდი, შეიქმნება აუცილებლად. საქმიანობის აკრძალვის გამო რა თქმა უნდა, შევიტანთ სასამართლოში სარჩელს, რადგან სახალხო დამცველს ვებრძვი, მე უნდა დავასაბუთო და ჩემმა პაციენტებმა, ათასობით ოჯახმა, რომ მეთოდი არის კარგი, სასარგებლო და ყველა ახალშობილს ეს სჭირდება. საუბარია ჩემს, როგორც ექიმის სერტიფიკატზე. 2002 წელს მქონდა საქმიანობის ლიცენზია, შემდეგ საზღვარგარეთ წავედი. რომ დავბრუნდი თავად ჩემი პაციენტების შვილებმა შექმნეს ჯგუფი. ჩემი პრაქტიკით დაგიმტკიცებთ, რომ ეს არის უნიკალური მეთოდი, ეს არის დასანერგი მეთოდი და ამ მეთოდის დახმარებით 100 სარეანიმაციო ბავშვიდან მხოლოდ ხუთი წავა რეანიმაციაში“, – განაცხადა ქეთევან მერებაშვილმა.

იაშვილის სახელობის საავადმყოფოს პედიატრი ეკა კანდელაკი ე.წ მაუგლის მეთოდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის მანიპულაციები ჩვილ ბავშვებში შესაძლოა, სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევდეს.

პედიატრის თქმით, ჩვილი ბავშვების ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა კატეგორიულად მიუღებელია.

„ბავშვებს განსაკუთრებით ჩვილობის პერიოდში, აქვთ ინტენსიურად განვითარებადი ნერვული სისტემა. არსებობს ბევრი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი განვითარებას, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. აი, ეს ყველაფერი ეფუძნება განვითარების ნიშანსვეტებს მოტორულ სფეროში, სოციალურ, ემოციურ სფეროში. როგორ ყალიბდება ნეირონები, როგორ ხდება ნერვული სისტემის პლასტიურობის გამოყენება განვითარების პროცესში. ერთია ჯანმრთელი ბავშვის განვითარება, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვების ინტენსიფიკაცია, აქ არის თავისებური ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემა, მეორე, კატეგორიულად აკრძალულია ძლიერი შენჯღრევა, ამას ჰქვია შენჯღრეული ბავშვის სინდრომი და ეს განიხილება, როგორც მიზანმიმართული ტრავმა და მეორე, არამიზანმიმართული, როდესაც მშობელმა უბრალოდ არ იცის ამაზე და ეს მოხდა შემთხვევით აღზრდის პროცესში. ეს არის სერიოზული ზიანი ნერვული სისტემისთვის, განსაკუთრებით თავის ტვინისთვის. შეიძლება იყოს სიმპტომები, რომლებიც თვალხილულია, შეიძლება იყოს სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენს ცოტა გვიან. შესაძლოა, 5-6 წლისთვის გამოვლინდეს მეტყველების შეფერხებით, ქცევითი პრობლემებით. ასევე, თუ დღეს ვინმე ვერ ხედავს ზიანს, შეიძლება ეს ზიანი გამოჩნდეს საკმაოდ გვიან.

როდესაც ბავშვს, რომელსაც სჭირდება ინტენსიური ფიზიკური თერაპია,ბავშვს აქვს პრობლემა, მაგალითად, ცერემბლარული დამბლა, როდესაც არის მოტორული ფუნქციის განვითარების გარკვეული პრობლემები, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს, რა შეიძლება გაკეთდეს და რამდენი ხანი. არ წარმომიდგენია ბავშვთა ასაკში და პედიატრიაში რაიმე ინტერვენცია და რაიმე მიდგომა განხორციელდეს ბავშვის მიმართ ისე, რომ რჩებოდეს კითხვები, არის თუ არა ეს მეცნიერება და არის თუ არა ეს მტკიცებითი მედიცინა. რასაკვირველია, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ და რას ეფუძნება ის მეთოდები, რომლებსაც ირჩევენ. არანაირი დამამტკიცებელი ფაქტორები, რომ ეს ვარჯიში განავითარებს რამეს და უკეთესს გახდის ბავშვის მოტორულ სისტემას ან განავითარებს მათ ნერვულ სისტემას – არ არსებობს. პირიქით, არსებობს მყარი მეცნიერული საფუძველი, რომ ვთქვათ, მსგავსი ჩარევები ინტენსიურ, აქტიურ კავშირშია განვითარების პრობლემებთან, რაც თავს იჩენს არა იმ წამს, არამედ ცოტა მოგვიანებით, ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ადრეული განვითარება სრულდება. შესაბამისად, სასკოლო მოსწრება, წიგნიერება, მეტყველება შეიძლება იყოს შეფერხებული. ის, რასაც არ აქვს მტკიცე მეცნიერული საფუძველი ბავშვებთან მიმართებით, გამოყენებული არ უნდა იყოს არასოდეს“, – განაცხადა ეკა კანდელაკმა.

სახალხო დამცველმა გაავრცელა განაცხადება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. მაუგლის მეთოდით მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.

მათივე ცნობით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

მოგვიანებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. მაუგლის მეთოდისთვის ფიზიკური პირი 1 000 ლარით დაჯარიმდა.