პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, მუშაობა გაძლიერდება და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც, შესაძლოა, წელს მოხდეს
პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, მუშაობა გაძლიერდება და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც, შესაძლოა, წელს მოხდეს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ კარი ღიაა, თუმცა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმები უნდა განახორციელოს.

ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, მოახლოებული არჩევნების მიუხედავად, რომელიც დიდ ყურადღებას მიიპყრობს, ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა გაძლიერდება.

„სიტუაცია ძალიან მკაფიოა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველა ძალიან მოხარული ვართ. ჩვენი მხრიდან ამ გადაწყვეტილებით დავამტკიცეთ, რომ კარი ღიაა, მაგრამ, ასევე, ევროკავშირის წევრობისთვის საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუციებით. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ ჩვენი ლიდერები ცხრა ნაბიჯს. ცხრა ნაბიჯის განხორციელება კი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ველოდებით, რომ სამუშაოები გაძლიერდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ცხრა თვეში გაიმართება და დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, პარალელურად, რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოები წინ წავა, აჩქარდება კიდეც და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც, შესაძლოა, ამ წელს მოხდეს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ, არჩევნებისკენ დიდი ყურადღების მიუხედავად, პარალელურად, ძლიერი სამუშაოები გაგრძელდება და ეს რეფორმები არ არის ევროკავშირის მოთხოვნა, ეს იმისთვისაა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით გათვალისწინებით“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.