პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ამ მომენტისთვის აქვს ევროპული პერსპექტივა და ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავა წინ, საბოლოოდ, გადაწყვეტილება არის 27 წევრი სახელმწიფოს ხელში
ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით თავად ევროკავშირისთვის, კომისიის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შიგნით აუცილებელ შიდა რეფორმებზე, რათა ვიყოთ მომზადებული მომავალი გაფართოებისთვის და, როდესაც საქმე შეეხო ქვეყნებს, რომელთაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, მან ძირითადად ფაქტები დააფიქსირა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირში ყველას იმედი აქვს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივისკენ სვლის პროცესი ძალიან სწრაფად წავა წინ.
„ურსულა ფონ დერ ლაიენმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ფაქტები. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შიდა მზადებაზე. ჩვენ, ევროკავშირი, უნდა ვიყოთ მზად მომავალი გაფართოებისთვის. ასე რომ, ზეწოლა არა მხოლოდ იმ ქვეყნებზეა, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რათა საკუთარი თავის რეფორმირება მოახდინონ, არამედ ზეწოლა ხდება ჩვენზეც, ევროკავშირის ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ კარგად ვართ მომზადებული და მაშინ მომავალი გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება. როგორც ყველამ იცით უკრაინას, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ამ მომენტისთვის აქვს ევროპული პერსპექტივა და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავა წინ. ჩვენ ყველანი ველოდებით გაფართოების ანგარიშებს მომავალ თვეში და ევროკავშირის 27 ლიდერების გადაწყვეტილებას დეკემბერში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება არის ფაქტების კონსტანტაცია.
„მე ძალიან მკაფიოდ წავიკითხე განცხადება, როგორც ფაქტების კონსტანტაცია და ფაქტები დღეს არის ძალიან მკაფიო – უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ამჟამად აქვს ევროპული პერსპექტივა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ევროკომისია გამოაქვეყნებს გაფართოების ანგარიშს, რაც ნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ამ ანგარიშზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. ჩვენ ველოდებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდება ზუსტად ერთ თვეში, შემდეგ 27 ლიდერი შეიკრიბება, განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას დახურულ კარს მიღმა. გთხოვთ, ნუ მაიძულებთ სპეკულაციას. მე შემიძლია საუკეთესო ვუსურვო საქართველოს, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება არის 27 წევრი სახელმწიფოს ხელში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, ოთხი კვირა ანგარიშის გამოქვეყნებამდე და სამი თვე ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ის, რასაც ველოდებით საქართველოსგან, არის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით სიჩქარის გაზრდა და რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა“, – განაცხადა ელჩმა.
ასევე, ელჩს ჰკითხეს ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტზეც. ელჩის თქმით, „ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ხმამაღლა და მკაფიოდ თქვა შემდეგი: გთხოვთ დაგვეხმაროთ, რათა დაგეხმაროთ“.
„თითები მაქვს გადაჯვარედინებული და საუკეთესოს მოლოდინი მაქვს. ჩვენ ველოდებით შემდგომ პროგრესს. ველოდებით მოწოდებებს. საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ხელში იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ევროკავშირის პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე“, – აღნიშნა ელჩმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. ევროპარლამენტში გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: „უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის“.