პაველ ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, ლიდერებმა მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისთვის კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, ლიდერებმა მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისთვის კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს მოსახლეობის მიერ თავისი ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარება, საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის, ცნობილი ცხრა ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირი ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

ელჩის თქმით, ცხრა ნაბიჯის შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს.

„ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არ არის, იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა. ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს. ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოსა და შრომის ბაზრის განვითარებაზე მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაფართოების, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესების და მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერის საშუალებით.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასა და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს. ვინაიდან ევროკავშირის წევრობა, საბოლოო ჯამში, „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს, როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ, მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.